ახალი ამბები
მდინარე წაჩხურაზე ახალი საავტომობილო ხიდი აშენდა
მარტვილის მუნიციპალიტეტის, სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სალხინო-დადიანების სასახლესთან მისასვლელი საავტომობილო გზის მე-4 კმ-ში მდ. წაჩხურაზე ახალი საავტომობილო ხიდი აშენდა.
აღნიშნული პროექტის ღირებულება 1 147 432 ლარია, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განახორციელა.
ახალი საავტომობილო ხიდი უზრუნველყოფს ამ მონაკვეთზე უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ტურისტებისათვის. თავისუფალი მოძრაობის საშუალება აქვს ყველა სახის ტრანსპორტს.
ახალი კაპიტალური ხიდი თავისი მონაცემებით თანამედროვე სტანდარტს და მოთხოვნას აკმაყოფილებს. სამუშაოს ასრულებს - ,,ავტოგზა ლენტეხი 99“; სამუშაოზე დასაქმებულია - 20 ადამიანი. სამუშაო შესრულებულია 100 %-ით.