ახალი ამბები
განმუხურის 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა 2018 წელს დასრულდება
საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა განმუხურის სანაპიროზე დაიწყო უმაღლესი დონის 5 - ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა. პროექტი ვითარდება საჯარო აუქციონის გზით, საბაზრო ფასად შეძენილ 35, 000 კვ.მ. ფართობზე. სასტუმროში იფუნქციონირებს 190 სხვადასხვა ტიპის მაღალი კატეგორიის ოთახი (რაც მნიშვნელოვნად აღემატება საინვესტიციო პირობით გათვალისწინებულ 120 ნომერს). პროექტით გათვალისწინებულია მასშტაბური საკონფერენციო დარბაზის მოწყობა, რომელიც რეგიონში უპრეცედენტო ზომის და შესაძლებლობების ინფრასტრუქტურას შექმნის და თამამად უმასპინძლებს ნებისმიერი დონის და ფორმატის კონფერენციებს, შეხვედრებსა და კონგრესებს. სასტუმროში ასევე განთავსდება სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსები, ღია და დახურული საცურაო აუზი, ფიტნეს და სპა ცენტრი. განმუხურის სასტუმროში განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობას.
სასტუმროს მსენებლობა 2018 წელს დასრულდება. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 60 მილიონ დოლარს შეადგენს. მშენებლობაზე დასაქმებულთა რიცხვი ჯამურად 2 წელიწადში გადააჭარბებს 2 000 ადამიანს, ხოლო სასტუმროს ოპერირების დროს 350 ადამიანი დასაქმდება.
ფონდი ქართუს და საქართველოს თანაინვესტირების ფონდის თანამშრომლობით მნიშვნელოვნად გაიზრდება განმუხური-ანაკლიის სანაპირო ზოლის ტურისტული პოტენციალი, რაც მეტ შემოსავალს მოუტანს ადგილობრივ მოსახლოებას და მოიზიდავს ინვესტიციებს რეგიონში.
ფონდის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი გამოთქვამს მზადყოფნას დააფინანსოს ანალოგიური 5 - ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსის და ბოტანიკური ბაღის მშენებლობა გამყოფი ხაზის მეორე მხარეს. ამ შეთავაზების რეალიზების შემთხვევაში, სასტუმროსგან მიღებული მოგება მთლიანად მოხმარდება ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას.