ახალი ამბები
პრემიერმა ახალი საწარმოების მიერ წარმოებული პროდუქცია დაათვალიერა
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, სოფლის მეურნეობის მინისტრთან და სამეგრელო-ზემო სვანეტის გუბერნატორთან ერთად კოოპერატივ „დარჩელის“ ტერიტორიაზე, სახელმწიფოს დახმარებით შექმნილი სხვადასხვა საწარმოს და კოოპერატივის წარმომადგენლების მიერ გამოფენილი პროდუქცია - თაფლი, თხილი, ჩურჩხელა, სათბურში მოყვანილი ბოსტნეული, ხილი, ღვინო და ა.შ. დაათვალიერა, დააგემოვნა და მეწარმეებს გაესაუბრა.
კოოპერატივი „დარჩელის თხილი“ 599 მეპაიეს აერთიანებს. საწარმოში 2015 წელს 47 ტონა თხილი გადაამუშავეს. კოოპერატივს იჯარით, წელიწადში ერთ ლარად გადაეცა ინფრასტრუქტურა, რომელიც სახელმწიფო პროგრამის - "თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის გზით" ფარგლებში, მოეწყო. საწარმოო ინფრასტრუქტურა ყოველდღიურად 24 ტონამდე ნაჭუჭიანი თხილის გამოშრობისა და ერთდროულად 500 ტონამდე თხილის შენახვის საშუალებას იძლევა.
იხილეთ საწარმოების რუკა: http://apma.ge/maps/