ახალი ამბები
პრემიერი „GEM Fest“-ის სამზადისს გაეცნო
პროექტ "Chekin Georgia”-ს ფარგლებში, 9-14 აგვისტოს ანაკლიაში ქართული ელექტრონული მუსიკის პირველი ფესტივალი „GEM Fest“ გაიმართება, რომელსაც 40 ათასამდე სტუმარი დაესწრება. პროექტი Chekin Georgia” თითქმის სრულად, 20 მილიონ ლარზე მეტით ფონდმა "ქართუმ" დააფინანსა.
ფესტივალის მოსამზადებელი სამუშაოები დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან ლევან შონიასთან ერთად დაათვალიერა და პროექტის პრეზენტაციას დაესწრო.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ „GEM Fest“-ი ხელს შეუწყობს საერთაშორისო დონეზე ქვეყნის იმიჯის ამაღლებას, ინვესტიციების შემოდინებას, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის განვითარებას, ასევე მოსახლეობის დასაქმებასა და მათი შემოსავლების ზრდას.
"სერიოზული სამუშაოა ჩატარებული, წელს ველოდებით 40 000-მდე სტუმარს. ინფრასტრუქტურა ფაქტობრივად მზად არის. ეს ადგილი თანდათან განვითარდება და სულ უფრო მეტ სტუმარს მოიზიდავს. ვფიქრობ, ეს ფესტივალი გახდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლოკომოტივი რეგიონის განვითარებისთვის. იგეგმება, რომ გაიზარდოს ფესტივალის ხანგრძლივობა და აქაურობა იქცეს ადგილად, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ, რომ კარგი დრო გაატარონ. მოვუწოდებ ყველას, ჩამოვიდნენ, ნახონ. აქ არის უმაღლესი ხარისხის აპარატურა დამონტაჟებული. მინდა, მადლობა გადავუხადო გიორგი სიგუას და მის გუნდს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში, თვეების მანძილზე მუშაობენ აქ, ასევე, ქართველ, უცხოელ მოხალისეებს, რომლებიც ჩამოსულები არიან. უამრავი ხალხი მუშაობს ფესტივალის სამზადისზე. ფესტივალი მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის, სამეგრელო არის გადაჯავშნილი თავიდან ბოლომდე და ძალიან სასიხარულო, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ექნება მეტი შემოსავალი,"- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე თქმით, Gem Fest-ის გამო ანაკლიასა და განმუხურში რამდენიმე სასტუმროს გადაიარაღება მოხდა და აშენდა ერთი სასტუმრო. ასევე, დაგეგმილია რამდენიმე სასტუმროს მშენებლობა. პრემიერმა მოუწოდა ყველას, დაესწრონ ფესტივალს.
"აქ იგეგმება რამდენიმე სასტუმროს აშენდება, როგორც საოჯახო ტიპის, ასევე მაღალი კლასის. მოვუწოდებ ყველას, ჩამოვიდნენ, ცხრაში იხსნება ფესტივალი. საინტერესო დიჯეები დახვდებათ სტუმრებს, რომელთა კლასი არის ძალიან მაღალი. სიმბოლურია ასევე ის, რომ ჩვენ გვეყოლება ცნობილი დიჯეი აფხაზეთიდან," - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.