ახალი ამბები
ფოთში პროექტის „გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო“ პირველი ეტაპის დახურვის ღონისძიება გაიმართა
ქალაქ ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში პროექტის „გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო“ პირველი ეტაპის დახურვის ღონისძიება გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას საშუალება ქონდა მოესმინა ანგარიში კამპანიის ფარგლებში ჩატარებული აქტივობების შესახებ და სამომავლო რეკომენდაციები.
ღონისძიებას ქალაქ ფოთის მერი ირაკლი კაკულია,საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ხერგიანი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტის მიზანს E60 ჩქაროსნულ გზატკეცილსა და მის მიმდებარედ საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა. კამპანია 4 თვის განმავლობაში გრძელდებოდა და სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო ღონისძიებებს მოიცავდა.
კამპანიის ფარგლებში ჩატარდა 24 შეხვედრა როგორც მსუბუქი, ასევე სატრანზიტო და მგზავრთა გადამყვანი ტრანსპორტის მძღოლებთან, რომლებიც მუდმივად გადაადგილდებიან E60 ჩქაროსნულ გზატკეცილზე. ასევე, საგანმანათლებლო ტრენინგები ჩატარდა გზატკეცილის მიმდებარედ განლაგებული 15 სკოლის 1500-მდე მოსწავლესთან. შეხვედრები მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს, რაც გულისხმობს ხილვადობის ღონისძიებებს და ქვეითებისათვის ამრეკლი საშუალებების (რეფლექტორები, ჟილეტები) დარიგებას.
E60 ჩქაროსნულ გზატკეცილსა და მის მიმდებარედ საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლების კამპანიას „გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ტენდერით შერჩეულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ ერთად ახორციელებდა.
ღონისძიების დასასრულს დაჯილდოვდნენ ჟურნალისტები და ხატვის კონკურსების გამარჯვებულები, შედგა სოციალური ვიდეორგოლის პრეზენტაცია.