ახალი ამბები
მარტვილში მშვიდობის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა
ქალაქ მარტვილში, მშვიდობის ქუჩის II შესახვევში, ღვთისმშობლის ტაძართან მისასვლელი ადგილობრივი მნიშვნელობის გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
პროექტის ფარგლებში დაიგო 542 მეტრი საავტომობილო გზა, ასევე გარკვეული მონაკვეთი მოპირკეთდა გრანიტის ფილებით. გზის საფარის გარდა, ობიექტზე მოეწყო კომუნიკაციები - ეზოებში შესასვლელები, სანიაღვრე სისტემები, ავტომანქანების გასაჩერებელი მოედანი და სხვა.
აღსანიშნავია, რომ ამ გზის კეთილმოწყობის სამუშაოები პირველად ჩატარდა, პროექტის განხორციელების შედეგად, მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდა და როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ტურისტებისათვის გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდა.
პროექტი განახორციელა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა. პროექტის ღირებულებამ 441470 ლარი შეადგინა.