ახალი ამბები
პრემიერი სტიქიის ზონაში
სამეგრელოს რეგიონში, სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად მოკლე ვადებში აღდგება,- შესაბამისი დავალება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან შონიას მისცა. თავის მხრივ გუბერნატორმა პრემიერს რეგიონში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ ყველა ძალები მობილიზებულია და სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურა უახლოეს დროში აღდგება.
მთავრობის მეთაური სოფელ თამაკონში იმყოფებოდა, სადაც, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ ხიდი წაიღო. პრემიერმა შესაბამის სამსახურებს დაავალა, საჭიროების შემთხვევაში, გამარტივებულ შესყიდვას მიმართონ, რათა მოსახლეობას გზა მალე აღუდგეს.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, დასავლეთ საქართველოში, მასშტაბურმა სტიქიამ არაერთი რეგიონი დააზარალა, დაანგრია ხიდები, ჩარეცხა გზები, დატბორა სავარგულები და დახოცა მსხვილფეხა პირუტყვი.
"ძალიან დიდი ზარალია. შექმნილია სპეციალური კომისია, რომელმაც ზარალის დათვლა უკვე დაიწყო. რაც მთავარია, აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია. ხვალიდან შემოვა შესაბამისი ტექნიკა და მაქსიმალურად დავახმართ დამატებით, გამარტივებული შესყიდვით შევისყიდით ყველა ამ სამუშაოს და ლოდინი საჭირო არ იქნება", - განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ასევე მიუსამძიმრა მდინარე აბაშაში დაღუპული 18 წლის მიხეილ ბერიშვილისა და მაშველ ელგუჯა ჯამრიშვილის ოჯახებს, რომელიც ახალგაზრდის დახმარებას ცდილობდა და აღნიშნა, რომ მათი დაღუპვა დიდი დანაკლისია.
"დანარჩენს ყველაფერს ეშველება. ამას ჩვენ მაქსიმალურად მალე გავაკეთებთ. ყველა უწყება საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ყველა რეგიონში განაწილებული ვართ მინისტრები, შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები და გადაწყვეტილებები მიიღება რაც შეიძლება ჩქარა. ზარალის ანაზღაურების ნაწილს, ზარალის დათვლის შემდეგ განვსაზღვრავთ. შევეცდებით, მაქსიმალურად ავუნაზღაუროთ, რისი შესაძლებლობაც იქნება", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერ-მინისტრთან ერთად, სოფელ თამაკონში, ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სახელმწიფო რწმუნებული ლევან შონია, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ალავიძე იმყოფებოდნენ.
სამეგრელოში ძლიერი წვიმისა და სტიქიის გამო, შესაბამისი სამსახურები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.