ახალი ამბები
სოფლის მეურნეობის მინისტრმა და გუბერნატორმა აბაშაში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა მოინახულეს
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სამეგრელოს რეგიონში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან ლევან შონიასთან ერთად შეხვდა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.
ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად მარტვილის, აბაშისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში დატბორილია საცხოვრებელი სახლები, გზები და სახნავ-სათესი მიწები. განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, სიმინდის და სოიოს ყანები. საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. შესაბამისი სამსახურების მიერ ხიდებისა და გზების გაწმენდა აქტიურად მიმდინარეობს.
მინისტრმა და გუბერნატორმა აბაშაში ის სასოფლო სამეურნეო სავარგულები დაათვალიერეს, სადაც წყალდიდობის შედეგად სიმინდის ყანები განადგურდა. აბაშაში სულ 1000 ჰექტარი სავარგულებია დატბორილი. ამ დროისთვის მიმდინნარეობს ზარალის დათვლა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების კოორდინირებულად განხორციელების მიზნით მთავრობის წარმომადგენლები სტიქიის ყველა ზონაში იმყოფებიან.