ახალი ამბები
სენაკში ახალი ქარხანა აშენდება
სენაკში 120 მილიონი დოლარის ღირებულების ქართულ-ჩინური საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყო - ცემენტის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობისთვის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მინისტრები და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი დაესწრნენ.
სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა პროექტის წარმატებით განხორციელების იმედი გამოთქვა. მისი თქმით, მალე სენაკში ფუნქციონირებას დაიწყებს სრულიად თანამედროვე საწარმო, რომელიც თავის წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში.
"ეს არის ძალიან კარგი მაგალითი ჩინეთსა და საქართველოს შორის პარტნიორობის. ჩვენ მივესალმებით ჩინეთის მხრიდან ინვესტორებს. ეს არის ასევე საქართველოს მხრიდან ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი, რომელსაც არაერთი საწარმო გაუკეთებია აქამდე და რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან აქვს მაქსიმალური ხელშეწყობა ამ პროექტში. აქ რამდენიმე ასეული ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება და ბიუჯეტისთვის იქნება ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ეს შემოსავლები. ," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მიმდინარე წლის აპრილის თვეში აზიურ-აფრიკული (ქ. სიანი) ბიზნეს-მენეჯმენტის კომპანიას, ჰუალინგ ჯგუფსა და ქართულ სამშენებლო კომპანიას შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას ინვესტიციების განხორციელებისა და „შპს. შავი ზღვის ცემენტის" კომპანიის ჩამოყალიბების შესახებ, რომელიც 1.5 მილიონი ტონა წლიური წარმადობის მქონე კლინკერის ცემენტის მშრალი მეთოდით მწარმოებელ ქარხანას ააშენებს.
სამშენებლო ტერიტორია 20 ჰექტარზე მეტს მოიცავს. მშენებლობის დასრულების შემდეგ ქარხანა წლიურად 900 ათას ტონა კლინკერის ცემენტს და 1.5 მილიონ ტონა მაღალი ხარისხის ცემენტს გამოიმუშავებს. დასაქმდება 500-მდე ადგილობრივი მუშახელი. ქარხანა აღიჭურვება თანამედროვე ტექნოლოგიებით. საწარმოო პროცესში ზედმიწევნით იქნება დაცული თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების ყველა მოთხოვნა. პროექტი დაეყრდნობა „მაღალი ეფექტიანობის, უსაფრთხოების, გარემოს დაცვის, ნარჩენების გადამუშავებისა და ხელახლა გამოყენების" პრინციპებს. დამონტაჟდება ხმაურის ჩამხშობი დანადგარები, რაც უზრუნველყოფს ხმაურის მინიმალურ დონეს და მაქსიმალურად დაიცავს მოსახლეობას საწარმოო ხმაურისგან.