ახალი ამბები
25 ივნისს სენაკში გრანდიოზული მარულა გაიმართება
25 ივნისს სენაკის იპოდრომზე გრანდიოზული საცხენოსნო შეჯიბრი „მარულა 2016“ ჩატარდება. ღონისძიებაში მონაწილეობას ცხენოსნები საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან მიიღებენ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია დღეს „მარულა 2016“-ის საორგანიზაციო კომიტეტს შეხვდა და მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიიღო. ღონისძიების მომზადებაში სამეგრელო ყველა მუნიციპალიტეტია ჩართული.
ღონისძიება სამეგრელოში არსებული საცხენოსნო ტრადიციების აღდგენას ემსახურება. გასული საუკუნის დასაწყისში მარულა სამეგრელოსა და აფხაზეთში ტრადიციული და პოპულარული საცხენოსნო შეჯიბრი იყო. მარულასთვის საგანგებოდ მომზადებული ცხენები გამოჰყავდათ. შეჯიბრში მოზრდილებთან ერთად მონაწილეობდნენ ბავშვებიც.
25 ივნისს, 12-დან 15 საათამდე, სენაკის იპოდრომზე, საცხენოსნო შეჯიბრებები გაიმართება შემდეგ ტრადიციულ სახეობებში: მარულა, ცხენბურთი, კონკური და ისინდი. საცხენოსნო სანახაობების პარალელურად გაიმართება შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში.
ღონისძიების დაწყებამდე მოხდება იქვე განთავსებული ფაცხების დათვალიერება და მეგრული კერძების დაგემოვნება. პარალელურად ხალხური ანსამბლები შეასრულებენ მეგრულ ფოლკლორულ სიმღერებს. ასევე გაიმართება რეწვის ნიმუშების და სოფლის პროდუქტების გამოფენა, საცხენოსნო ტრადიციის აღდგენასთან დაკავშირებით სიმბოლურად დაირგვება მრავალწლიანი ხეები.
სამეგრელოში საცხენოსნო კლუბებს მდიდარი წარსული და დიდი ისტორია გააჩნიათ. როგორც საარქივო მასალებიდან ირკვევა, 1927 წელს ქ. ცხაკაიაში (სენაკი) პირველად ჩატარდა დღესასწაული საცხენოსნო სპორტის სახეობებში: ისინდი, თარჩია, ცხენბურთი, ჩერეზი, მოქნევა, მარულა, ყაბახი, კონკური და სხვა. 1929 წელს გაიმართა ცხენოსნური გადარბენა ქობულეთიდან ცხაკაიაში. 1937 წელს მოეწყო ცხენოსნური გადარბენა აფხაზეთის, სამეგრელოს, ქუთაისის, ცხინვალის, სიღნაღის, ბორჯომის და სხვა რაიონების ცხენოსანთა მონაწილეობით. ცხენოსნურ სპორტში შემდგომ წლებშიც სისტემატურად ეწყობოდა შეჯიბრებები. სენაკის იპოდრომი ათწლეულების მანძილზე მასპინძლობდა მასშტაბურ საცხენოსნო შეჯიბრებებს. 1992-1993 წლების მოვლენების შედეგად მთლიანად განადგურდა სენაკის იპოდრომის ინფრასტრუქტურა.
ცხენოსნობის სხვადსხვა სახეობებში სამეგრელოს არაერთი წარმომადგენელი ჰყავდა, როგორც საქრთველოს ასევე საბჭოთა კავშირის ჩემპიონები. მათ შორის იყვნენ ქალბატონებიც, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი იყო ზუგდიდელი თამარ ჭითანავა, ხოლო საქართველოს ჩემპიონი დარიკო ლაგვილავა.
► ღონისძიება, „ახალგზრდობის წლის“ ფარგლებში ტარდება, შეგახსნებთ, რომ მიმდინარე წელი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა რეგიონში ახალგზრდობის წლად გამოაცხადა.
„მარულა 2016“-ის ორგანიზატორები სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია და სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობა არიან.
► ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერები: სპორტული რადიო „JAKO“, რადიო „ათინათი“, საინფორმაციო სააგენტოები ipress.ge, smo.ge, newsportal.ge