ახალი ამბები
სენაკში 30 კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე სენაკში, ეგრეთ წოდებულ სამხედრო ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ.
სამინისტროს დაფინანსებით, ჩასახლებაში არსებულ 30-ვე კორპუსს ნაწილობრივი რეაბილიტაცია უტარდება. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩასახლების კორპუსების სახურავებისა და იატაკების გამოცვლის სამუშაოები 2016 წლის ოქტომბერში დასრულდება და მისი ღირებულება 558 000 ლარს შეადგენს.
გარდა ამისა, უკვე მომზადებულია აღნიშნულ დასახლებაში ცენტრალური კანალიზაციის სისტემის მოწესრიგებისა და სადრენაჟე სისტემის მოწყობის პროექტი.
სენაკში არსებულ ეგრეთ წოდებულ სამხედრო ჩასახლებასთან ახლოს დაჭაობებული ადგილები მდებარეობს, სადაც ზაფხულის სეზონზე მასიურად აღინიშნება კოღოს გავრცელება. პრობლემის აღმოსაფხვრელად, ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებით, აღნიშნული ტერიტორია, ბიოლოგიური პრეპარატით დამუშავდება.