ახალი ამბები
კონფლიქტისპირა სოფელ რუხში სასათბურე მეურნეობა მოეწყო
კონფლიქტისპირა სოფელ რუხში სასათბურე მეურნეობა გაიხსნა, სადაც დასაქმებულთა უმეტესობა აფხაზეთიდან დევნილია.
გახსნის ცერემონიალს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და იაპონიის ელჩი ტოშიო კაიტანი ესწრებოდნენ.
პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და იაპონიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. სასთბურე მეურნეობაში სხვადასხვა სახის ბოსტნეულთან ერთად კოლხური ბზის კორომებსაც გამოიყვანენ. სასათბურე მეურნეობისთვის დახარჯულმა თანხამ 92 ათას დოლარზე მეტი შეადგინა.
„ეს არის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი საქართველოსა და იაპონიის მთავრობის ერთობლივი პროექტის, რომელიც ემსახურება დევნილების ჩართულობას ამ პროცესში’’ - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ აღნიშნა, რომ ბოლო წელიწად ნახევრის განმავლობაში 7 400-დან 13 500-მდე გაიზარდა.
„ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ვესწრები სასათბურე მეურნეობის პროექტის გახსნის ცერემონიალს. საქართველო და იაპონია მჭიდროს დამეგობრებული ქვეყნებია და სასიხარულოა, რომ იაპონია მხარს უჭერს იძულებით გადაადგილებულ პირთათვის და ადგილობრივებისთვის განხორციელებულ პროექტს. ეს პროექტი გააუმჯობესებს მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს. იაპონიის მთავრობა სამეგრელოს ულამაზეს რეგიონში ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს მათ შორის საბავშვო ბაღებს, სამედიცინო ცენტრს და მუზეუმებს. ჩვენ გავაგრძელებთ ამ ლამაზ ქვეყანასთან და ამ რეგიონთან მჭიდრო თანამშრომლობას, რადგან ასეთი ნაბიჯების გადადგმა ორ ქვეყანას შორის გადებული მეგობრობის კიდევ ერთი ხიდია,“ - განაცხადა სათბურების დათვალიერების შემდეგ იაპონიის ელჩმა.
პროექტის მიზანია სოფელ რუხში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობის გაუმჯობესება, მათი ოჯახებისთვის სტაბილური შემოსავლის უზრუნველყოფა და უმუშევრობის შემცირება.