ახალი ამბები
ელჩები ცაიშში ''აწარმოე საქართველოს'' ფარგლებში სასათბურე მეურნეობას გაეცნენ
საქართველოში აკრედიტირებული ელჩებმა, საგარეო საქმეთა მინისტრთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან ერთად ცაიშის სასათბურე მეურნეობა დაათვალიერეს, რომელიც სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში დაფინანსდა.
"ეს არის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება უცხოური ტექნოლოგიებით სახელმწიფოს დახმარებით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შექმნა პროდუქტი, რომელიც შემდეგ საექსპორტო ბაზრებზე იქნება ორიენტირებული და ასევე ქვეყანაში ადგილობრივ ბაზარზე იმპორტირებულ პროდუქციას გაუწევს კონკურენციას. დიპლომატებმა დიდი ინტერესით მოინახულეს ეს ობიექტი და ეს ქმნის შესაძლებლობას, რომ მათ ქვეყნებში მოხდეს ასევე ამ პროდუქციის ექსპორტი. ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ტექნოლოგიების კუთხით თანამშრომლობას ყველა ამ ქვეყანასთან, ასევე ინვესტიციების კუთხით მათთან თანამშრომლობას და საექსპორტო ბაზრების განვითარებას. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ დღეს დიპლომატები ეწვივნენ ამ ობიექტს" - განაცხადა საწარმოს დათვალიერების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.
"ეს არის თანამედროვე სასათბურე მეურნეობა, რომელიც ნათლად აჩვენებს იმას თუ რა სარგებელი მოაქვს "აწარმოე საწარველოს" ბიზნესისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის. აქ მხოლოდ ადგილობრივები არიან დასაქმებულები, რაც ნამდვილად მისასალმებელია. დიპლომატიური ტურის მონაწილეები დღეს გაეცნენ ამ მეურნეობას, მის უახლეს ტექნოლოგიებს და აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ" - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა.
დიპლომატიური ტური საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს,საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, „საპარტნიორო ფონდისა“ და საქართველოს რკინიგზის თანამონაწილეობით ტარდება.