ახალი ამბები
ელჩებმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროექტები დაათვალიერეს
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით გამართული „დიპლომატიური ტურის“ ფარგლებში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები სამეგრელოს რეგიონს სტუმრობენ.
ტურის ფარგლებში დიპლომატები გაეცნენ საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პროექტებს, კერძოდ დაათვლიერეს რუხის მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრი და მშენებარე საუნივერსიტეტო კლინიკა, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრთან და მხარის გუბერნატორთან ერთად იმყოფებოდნენ ენგურის ხიდზე.
დიპლომატიურ ტურში საქართველოში აკრედიტებული ორმოცამდე რეზიდენტი და არარეზიდენტი ელჩი იღებს მონაწილეობას.
დღესვე დიპლომატიური ტურის მონაწილეებისთვის რეგიონის შესახებ პრეზენტაციას გამართავს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია. ტურის ფარგლებში დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები გაეცნობიან სამეგრელოს რეგიონის როგორც ეკონომიკურ, ასევე ტურისტულ პოტენციალს და ღირშესანიშნაობებს. დიპლომატები მოინახულებენ სამეგრელოში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს.
ხვალ, 29 მაისს ელჩები აგრეთვე დაათვალიერებენ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის განკუთვნილ ტერიტორიას და „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში მოქმედ საწარმოს.
დიპლომატიური ტური 2016-ის თანაორგანიზატორია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, „საპარტნიორო ფონდი“ და საქართველოს რკინიგზა.