ახალი ამბები
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები სამეგრელოს ეწვევიან
28-29 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით "დიპლომატიური ტური" გაიმართება, რომლის ფარგლებშიც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები სამეგრელოს რეგიონს ეწვევიან.
დიპლომატიურ ტურში საქართველოში აკრედიტებული ორმოცამდე რეზიდენტი და არარეზიდენტი ელჩი მიიღებს მონაწილეობას, გარდა ამისა ელჩებთან ერთად წარმოდგენილი იქნებიან დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები.
ტურის ფარგლებში დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები გაეცნობიან სამეგრელოს რეგიონის როგორც ეკონომიკურ, ასევე ტურისტულ პოტენციალს და ღირშესანიშნაობებს. დიპლომატები მოინახულებენ სამეგრელოში არსებულ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს.
28 მაისს დიპლომატები გაეცნობიან საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პროექტებს, ელჩები აგრეთვე დაათვალიერებენ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის განკუთვნილ ტერიტორიას და „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში მოქმედ საწარმოს.
დიპლომატიური ტურის მონაწილეებისთვის რეგიონის შესახებ პრეზენტაციას გამართავს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია.
დიპლომატიური ტური 2016-ის თანაორგანიზატორია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, „საპარტნიორო ფონდი“ და საქართველოს რკინიგზა.