ახალი ამბები
ფოთში დამოუკიდებლობის დღე მასშტაბური ღონისძიებებით აღნიშნეს
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მასშტაბური ღონისძიებები გაიმართა. ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნა ანდრია პირველწოდებულის ტაძრიდან რუსთაველის რკალის მიმართულებით საზეიმო მსვლელობით დაიწყო. მსვლელობაში სანაპირო დაცვისა და ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები, საჯარო სკოლების მოსწავლეები, პედაგოგები, ჯანდაცვის , კულტურისა და სპორტის სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
საზეიმო მსვლელობას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კაკულია ,საკრებულოს წევრები, ფოთში სტუმრად მყოფი ქალაქ ფაზარის მერი აჰმეტ ბასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეურთდნენ.
ქალაქის ცენტრალურ პარკში პარალელურად კულტურული და სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობს.ქალაქის მერმა დღესასწაულის მონაწილეებთან ერთად დაათვალიერა საზეიმოდ გამოფენილი სამხედრო ტექნიკა,კოლხური კულტურის მუზეუმის ექსპონატები, სამხატვრო სასწავლებლისა და სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები. მოეწყო ქართველ მეფეთა ავტოგრაფების გამოფენა, ტაო-კლარჯეთის არქიტექტურული ძეგლების ფოტო გამოფენა-პრეზენტაცია.
პროგრამის ფარგლებში საჯარო სკოლების მოსწავლეებმა თეატრალური ინსცენირებები მოაწყვეს.გაიმართა შეჯიბრი აღმოსავლურ ორთაბრძოლებში, ჭიდაობაში, კრივში, ფეხბურთში და ჭადრაკში.
ფოთში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო პროგრამა გრანდიოზული კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდება.