ახალი ამბები
დამოუკიდებლობის დღის მილოცვა
გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ეს თარიღი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში. ზუსტად 98 წლის წინ 1918 წლის 26 მაისს საქართველომ აღიდგინა სახელმწიოებრივი დამოუკიდებლობა, 25 წლის წინ კი ჩვენ დამოუკიდებლობა ხელახლა აღვიდგინეთ.
ეს დღე განსაკუთრებულად მინდა მივულოცო, 19 მაისს ხურჩაში დაღუპულ გიგა ოთხოზორიას შვილებს, ისინი ყოველთვის იამაყებენ მამის განვლილი ცხოვრებით. გიგა არ შეეგუა უსამართლობას და მედგრად დადგა შეიარაღებულების წინაშე, ის ჩვენი დროის გმირია! ოთხოზორიების ოჯახის ტკივილი თითოეული ჩვენგანის ტკივილია, ჩვენ დღეს ზუგდიდში გავაუქმეთ ყველა ღონისძიება, დღეს ეს ქალაქი დამოუკიდებლობის დღეს სიმბოლურად მშვიდობიანი მსვლელობით აღნიშნავს. ხელისუფლება ოთხოზორიების ოჯახის გვერდით დგას.
ჩვენი ქვეყნის მთავარ ეროვნულ დღესასწაულს, გილოცავთ თითოეულ თქვენგანს, საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენს აფხაზ დებს და ძმებს.
ნიშანდობლივია, რომ სწორედ ამ ისტორიულ დღეს დაიბადა საქართველოს ეროვნული გმირი, ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი მერაბ კოსტავა. გილოცავთ ჩვენი ქვეყნისთვის ამ ორ უმნიშვნელოვანეს დღესასწაულს.
პატივისცემით, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ლევან შონია.