ახალი ამბები
„სასკოლო სპორტული ოლიმპიადის'' რეგიონალური კონკურსის გამარჯვებული იფარის საჯარო სკოლა გახდა
„სასკოლო სპორტული ოლიმპიადის“ პროგრამის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდების მიერ მომზადებული საუკეთესო ნამუშევრების პრეზენტაციები გაიმართა თემაზე - "სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესი".
პრეზენტაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის მოადგილე კახაბერ რუსია დაესწრო.
კონკურსში, იფარის, რუხის, წალენჯიხის #3, მარტვილის #2, აბაშის მაცხოვრისკარის და ფოთის #3 საჯარო სკოლები მონაწილეობდნენ. სპეციალურმა ჟიურიმ, ერთხმად კონკურსში გამარჯვებულად მესტიის მუნიციპალიტეტის იფარის საჯარო სკოლა დააასახელა. გამარჯვებული გუნდი მონაწილეობას მიიღებს ქვეყნის პირველობაზე, რომელიც საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ჩატარდება.
„სასკოლო სპორტული ოლიმპიადა“ ქვეყნის მასშტაბით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ბავშვთა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.