ახალი ამბები
ზემო ქვალონში მოსახლეობას 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება - სამუშაოების მიმდინარეობას გუბერნატორი გაეცნო
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქვალონში 430 ოჯახს წყლის პრობლემა მოეხსნება. სოფელში წყალმომარაგების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ზემო ქვალონში მიმდინარე წყალმომარაგების სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერა.
სოფელში წყლის სისტემა არასდროს არსებობდა, ადგილობრივები ჭებით სარგებლობენ, თუმცა ზაფხულის პერიოდში ჭებში წყალი შრება, რის გამოც მოსახლეობას წყლის მოტანა მეზობელი სოფლებიდან რეზერუარებით უწევდა. პროექტის დასრულების შემდეგ სოფელს 24 საათიანი წყალი ექნება.
წყლის პრობლემის მოგვარებას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია ადგილობრივებს, ერთი წლის წინ ქვალონში გამართულ შეხვედრაზე დაპირდა, სოფლის მცხოვრებლებმა შესრულებული დაპირების გამო გუბერნატორს დღეს მადლობა გადაუხადეს.
მთლიანობაში წყლის სისტემის მშენებლობა 26 კილომეტრზე მოხდება, რისთვისაც ნახევარ მილიონი ლარი იხარჯება. სამშენებლო სამუშაოებზე 15 ადგილობრივია დასაქმებული. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.