ახალი ამბები
შს მინისტრმა და გუბერნატორმა კონფლიქტისპირა სოფელ რუხში მდებარე საგუშაგო მოინახულეს
შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა - გუბერნატორმა, ლევან შონიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, კონფლიქტისპირა სოფელ რუხში მდებარე საგუშაგო მოინახულეს და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჯარისკაცებს შეხვდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები რუხის საგუშაგოზე უსაფრთხოებასა და დანაშაულის პრევენციას უზრუნველყოფენ.
გიორგი მღებრიშვილი, მისი მოადგილეები და ლევან შონია სამეგრელოს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მე-2 სამმართველოსაც ესტუმრნენ. მინისტრმა და მხარის რწმუნებულმა, ჯარისკაცების საცხოვრებელი პირობები და ბაზაზე არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. გიორგი მღებრიშვილმა და ლევან შონიამ ჯარისკაცებთან ერთი დღე გაატარეს, თანამშრომლების მუშაობის პროცესსა და ყოველდღიური ცხოვრების დეტალებს პირადად გაეცნენ.
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში განხორციელებული რეფორმების შედეგად, პირადი შემადგენლობის სოციალური პირობები გაუმჯობესდა, დეპარტამენტის სამედიცინო სამსახურები განვითარდა და თანამედროვე საშუალებებით აღიჭურვა, სამეთაურო და სპეციალური დანიშნულების მანქანები შესაბამისი საკომუნიკაციო და მართვის საშუალებებით შეიარაღდა, რამაც მოსამსახურეთა სამუშაო პირობები და უსაფრთხოების კონტროლის ხარისხი საგრძნობლად გააუმჯობესა.
შს მინისტრმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ხაზის მიმდებარე საგუშაგოებზე სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.