ახალი ამბები
გუბერნატორმა ზუგდიდის წყალმომარაგების სამუშაოები დაათვალიერა
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა - გუბერნატორმა ლევან შონიამ, ზუგდიდში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. გუბერნატორი ზუგდიდის მერის მოადგილე გია გულორდავასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ვლადიმერ ხორავას ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც პროექტის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემის მშენებლობის პროექტი, რომელსაც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაახორცილებს საქართველოს მთავრობისა და აზიის განვითარების ბანკის მიერაა დაფინანსებული. პროექტის ღირებულება 39 593 106 დოლარს შეადგენს. ამ ეტაპზე დასაქმებულია 150 ადგილობრივი მცხოვრები. პროექტის ფარგლებში აშენდება სათავე ნაგებობა, სატუმბი სადგური, მაგისტრალური მილსადენი, გამანაწილებელი ქსელები და მოხდება მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება.
ზუგდიდს წყალმომარაგების ცენტრალური სისტემა არ გააჩნია, პროექტის განხორციელების შემდეგ კი ქალაქი 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
ასევე მოხდება ქალაქ ზუგდიდის წყალარინების სისტემის სრული რეაბილიტაცია. წყლისა და წყალარინების სისტემა ექსპლუატაციაში 2018 წლის ბოლომდე შევა.