ახალი ამბები
ზუგდიდში ტექნოპარკი აშენდება
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის, ლევან შონიას განცხადებით, თბილისის შემდეგ მეორე ქალაქი, სადაც ტექნოპარკი აშენდება ზუგდიდი იქნება, უკვე მიმდინარეობს ტერიტორიის შერჩევის პროცესი - ამის შესახებ გუბერნატორმა სტუდენტებთან საქმიანობის ორწლიანი ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.
„ეს არის ახალი განვითარების და შესაძლებლობების კერა, რეგიონს ექნება ტექნოპარკი, სადაც ჩვენი ახალგაზრდები შეძლებენ იდეების რეალიზებას და მომავლისთვის კარგი საქმეების კეთებას“ - განაცხადა გუბერნატორმა და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში დასახელდება ტერიტორია სადაც ტექნოპარკი განთავსდება.
სამეგრელო-ზემო სვანეთში 2016 წელი ახალგაზრდობის წლად ცხადდება. რეგიონში 3 სპორტის სასახლის მშენებლობა იწყება.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, სტუდენტებს რეგიონში მთავრობის საქმიანობის 3 წლის და გუბერნატორის საქმიანობის 2 წლის ანგარიში წარუდგინა.
სამი წლის განმავლობაში რეგიონში 1359 მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 632 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, სამუშაოების შესრულების დროს დასაქმდა 9 ათასამდე ადგილობრივი მცხოვრები.
ამავე თემაზე: სამეგრელო-ზემო სვანეთში მთავრობის საქმიანობის 3 და გუბერნატორის საქმიანობის 2 წლის ანგარიში