ახალი ამბები
გარემოს დაცვის სამინისტრომ ზუგდიდში ''ტყის კანონის'' პრეზენტაცია გამართა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში, საქართველოს ახალი „ტყის კოდექსის“ კანონპროექტის პირველი სამუშაო ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსმა კარლო ამირგულაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის, ადგილობრივ თვითმმართველობების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დოკუმენტის ძირითადი მიმართულებები გააცნო.
ახალი „ტყის კოდექსით“ განისაზღვრება სატყეო-სამართლებრივი ურთიერთობების ახლებური მიდგომები. იცვლება ტყის განმარტება, რომელიც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებული განმარტების საფუძველზე ეროვნული სპეციფიკის გათვალისწინებით შემუშავდა. ტყის მართვის ორგანოს დაუბრუნდება მეურნეობის ფუნქცია, დადგინდება ტყითსარგებლობის ახალი სახეები და შესაბამისი პროცედურები. ახალი კოდექსი არ ითვალისწინებს ხე-ტყის დამზადების ახალი ლიცენზიების გაცემას. დადგინდება ტყის საზღვრების დადგენის და ე.წ. "ამორიცხვის" საკითხების დარეგულირების ახალი წესები. ახალი კოდექსი ითვალისწინებს ტყის აღრიცხვის ახლებურ სისტემას.