ახალი ამბები
პრემიერი და გუბერნატორი ზუგდიდში ახალგაზრდა მეწარმეს სახლში ესტუმრნენ
მეწარმეობის განვითარების მაგალითი, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მცირე საწარმო ზუგდიდში, რომელიც 20 წლის ნემო ჯალაღონიამ სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში მიღებული დაფინანსებით გახსნა.
მან ხის საჭრელი და დამამუშავებელი დანადგარები შეიძინა, რომელთა მეშვეობით ამზადებს ჩარჩოებს, სკებს, სმარტფონებისა და პლანშეტებისთვის განკუთვნილ დამჭერებს და შეკვეთებსაც იღებს.
ნემო ჯალაღონია ახლად გახსნილ საწარმოში მეგობართან ერთად საქმიანობს, რომელიც თექაზე მუშაობს. მეგობრები ერთობლივად ქმნიან ნამუშევრებს, რომელთა რეალიზაციასაც ახორციელებენ და მომავალში საჩუქრების მაღაზიის გახსნასაც გეგმავენ. ნემო ჯალაღონიას თქმით, რომ არა მიღებული დაფინანსება, საყვარელ საქმეზე უარის თქმას აპირებდა, რადგან შესაბამისი დანადგარები არ ჰქონდა.
გაყიდვების ზრდის შემდეგ, მას 3D აპარატის შეძენა სურს, რომლითაც ნამუშევრების გრავირებას გააკეთებს. პრემიერ-მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ახალგაზრდა მეწარმეს ტექნოლოგიურ პარკში საკუთარი იდეის კომერციალიზაცია შესთავაზეს.
"ეს არის მეწარმეობის განვითარება. ეს ადამიანი სამსახურის ძებნას აღარ დაიწყებს, საკუთარ ოჯახს თავად შეინახავს და სხვებსაც დაასაქმებს", - განაცხადა პრემიერმა.