ახალი ამბები
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2016 წელს დაიწყება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტის მშენებლობას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" განახორციელებს - სამთავრობო კომისიის მიერ გამარჯვებულად გამოცხადებული კომპანია პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე წარადგინა.
გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი აერთიანებს საქართველოში დაფუძნებულ „TBC ჰოლდინგს" და ამერიკულ საინვესტიციო ჰოლდინგს „Conti International"-ს, რომელიც ახორციელებს ინფრასტრუქტურულ და სამშენებლო პროექტებს. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" კონტრაქტორები ასევე არიან საზღვაო პორტების ცნობილი სადიზაინერო კომპანია „Moffatt & Nichol" და წამყვანი ჰოლანდიური საკონსულტაციო კომპანია საპორტო ტრანზაქციების საკითხებში „Maritime & Transport Business Solutions"-ი.
„სამთავრობო კომისია კომპანიების შერჩევის პროცესში ხელმძღვანელობდა შემდეგი კრიტერიუმებით: ფინანსური კრიტერიუმი - კანდიდატი ვალდებული იყო წარმოედგინა ვალდებულების შესრულების საბანკო გარანტია, რომლის მინიმალური ოდენობა განსაზღვრული იყო 20 მილიონი აშშ დოლარით. ტექნიკური კრიტერიუმი - პორტის წინასწარი კონცეფცია, რომელიც ფასდებოდა პორტის წინასწარი დიზაინის, განხორციელების გრაფიკის, პორტის ოპერაციების მართვის კონცეფციის, ადგილობრივი განვითარების გეგმის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ეკონომიკური კრიტერიუმი - პორტის ფინანსური მოდელი, რომელიც შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო პორტის წინასწარ კონცეფციასთან. ფინანსური მოდელში ასახული უნდა ყოფილიყო შეთავაზების ეკონომიკური და ფინანსური სიმყარე და წარმოდგენილი ბიზნეს წინადადებების მდგრადობა. დამატებით, წარმოდგენილ უნდა ყოფილიყო მარკეტინგული კონცეფცია და ნავსადგურში ტვირთების მოზიდვის ხედვა. სამართლებრივი კრიტერიუმით," - განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მშენებლობის ვადები იქნება დაცული და სულ მალე საქართველოს ექნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი ნავსადგური.
„დარწმუნებული ვართ, პორტი დათქმულ ვადებში დასრულდება. ეს იქნება სრულიად ახალი შესაძლებლობები საქართველოსთვის, რათა „აბრეშუმის გზის" კონცეფცია სრულმასშტაბიანად ამოქმედდეს საქართველოში და სამხრეთ კავკასიის სატრანსპორტო კორიდორი გახდეს თვისობრივად ახალი გამტარუნარიანობისა და ახალი შესაძლებლობების. ამასთან, ამ პორტის მშენებლობით საქართველოში შეიქმნება რამდენიმე ათასი ახალი სამუშაო ადგილი და ჩვენ ჩაფიქრებული გვაქვს, რომ პორტის გარშემო შეიქმნას თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, რომელიც კიდევ ერთი ახალი სუნთქვა იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის," - აღნიშნა პრემიერმა.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების, მშენებლობის და ოპერირების შესახებ წარდგენილ წინადადებათა განმხილველმა სამთავრობო კომისიამ გამარჯვებული კომპანია - „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" 2016 წლის 5 თებერვალს გამოავლინა.
ანაკლიის პორტის მშენებლობა რამდენიმე ეტაპად წარიმართება და მისი საბოლოო გამტარუნარიანობა 100 მილიონი ტონა იქნება. პორტი ოპერირებას წელიწადში 7 მილიონი ტონის გამტარუნარიანობის მიღწევისთანავე დაიწყებს და ეს მშენებლობის დაწყებიდან არაუგვიანეს 3 წელიწადში მოხდება. როგორც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" წარმომადგენლები აცხადებენ, მშენებლობის პროცესში დასაქმებული იქნება 3400 ადამიანი, ხოლო მშენებლობის დასრულების შემდეგ პორტში 6400 ადამიანი იმუშავებს.
ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგური დაახლოებით 400 ჰექტარზე განთავსდება. პორტში გაჩერებას შეძლებენ 10 000 კონტეინერის ტევადობის ხომალდები. პორტი უზრუნველყოფს დიდი ზომის გემების მომსახურებას, რომელთა შემოსვლა საქართველოს პორტებში აქამდე პრობლემური იყო.