ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში იმყოფება
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი პოლონეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ლევან შონიასთან ერთად პოლონეთში იმყოფებიან: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროს გიორგი ამაშუკელი, კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია, ქალაქ რუსთავის მერი - დავით ჯიქია, ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და UNDP-ის წარმომადგენლები.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ შეხვედრები გამართა შვენტოკშისკას რეგიონის ქალაქ კელცესში. ვიზიტის მიზანია, დელეგაციის წევრები გაეცნონ პოლონეთის რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობების ტერიტორიული მოწყობის სისტემას, გაიზიარონ ევროპული გამოცდილება ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონების განვითარების კუთხით, შეაფასონ დეცენტრალიზაციის პირობებში ადგილობრივი თვითმმართველობებისა და რეგიონული ორგანოების ეფექტური მუშაობა.
ამ მიზნით დელეგაციის წევრებს შეხვედრები უკვე ჰქონდათ შვენტოკშისკას რეგიონის მარშალის მოადგილე იან მაჩკოვიაკთან და ქალაქ კელცეს მერთან ვოიცეხ ლუბავსკისთან.
ქართული დელეგაცია ასევე გაეცნობა სტარახოვეცის განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის სპეციფიკას, რომელიც თავისი არსით ერთერთი საუკეთესო მაგალითია პოლონეთში.