ახალი ამბები
სოციალურად დაუცველებისთვის სახლების მშენებლობა 10 საუკეთესო პროექტს შორისაა
ზუგიდიდის მუნიციპალიტეტში უკიდურესად შეჭირვებული ოჯახებსთვის სახლების მშენებლობა იმ 10 საუკეთესო პროექტს შორის დასახელდა, რომელიც 2015 წელს თვითმმარველ ორგანოებში განხორციელდა. დაჯილდოების ცერემონიალი კონფერენციაზე “ადგილობრივი თვითმმართველობა – საუკეთესო პრაქტიკა 2015”-ის ფარგლებში გაიმართა. კონფერენციას პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, გუბერნატორები, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების გამგებლები და მერები ესწრებოდნენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის საუკეთესო პრაქტიკისთვის ჯილდო ზუგდიდის გამგებელ ედიშერ თოლორაიას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ამაშუკელმა გადასცა.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 16 სოციალურად დაუცველ ოჯახს საახალწლოდ ახალი, კეთილმოწყობილი სახლები გადაეცემათ. კეთილმოწყობილ სახლებთან ერთად ბენეფიციარებს მზის გამათბობლებიც დაუმონტაჟდებათ. სოციალურად დაუცველთა სახლების მშენებლობისთვის 380 ათასი ლარი დაიხარჯა. პროექტი 2016 წელსაც გაგრძელდება.
სოციალურად მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახები, რომლებსაც სახლები უშენდებათ სპეციალურმა კომისიამ შეარჩია. აქცენტი კი იმ სოციალურად დაუცველ ოჯახებზე გაკეთდა ვინც ავარიულ სახლებში ცხოვრობდა, ან საცხოვრებელი დამწვარი ჰქონდა. პროექტს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ახორციელებს.