ახალი ამბები
ზუგდიდის სტადიონის მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდა
ზუგდიდის სტადიონის მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდა. ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხამ და ტენდერში გამარჯვებული კომპანია „დაგი“-ს დირექტორმა მიხეილ შარანგიამ სტადიონის მშენებლობის ხელშეკრულება გააფორმეს. ზუგდიდში UEFA-ს სტანდარტების მესამე კატეგორიის საფეხბურთო სტადიონს სწორედ კომპანია „დაგი“ ააშენებს.
ზუგდიდის ახალი სტადიონი, რომელიც კომბინატის დასახლებაში, ჯანაშიას ქუჩაზე მდებარეობს დაპროექტებულია უეფას III კატეგორიის სტადიონის სტანდარტების შესაბამისად და გათვლილია 7233 მაყურებელზე.
სტადიონს აქვს სათადარიგო მოედანი, რომელიც 1224 მაყურებელზეა გათვლილი. სათადარიგო სტადიონი სხვადასხვა თამაშების ერთდროულად გამართვის შესაძლებლობასაც იძლევა. ძირითადი მოედანი არის ბუნებრივი, ხოლო სათადარიგო -ხელოვნური საფარით.
სტადიონის ძირითადი შენობა განთავსებულია ტერიტორიის სამხრეთ ნაწილში, ხოლო სათადარიგო სტადიონის (მცირე ტრიბუნით და სარბენი ბილიკით) - ჩრდილოეთ ნაწილში.
სტადიონზე გათვალისწინებულია მაყურებელთა 10 შესასვლელი, მოედნის კუთხეებში გათვალისწინებულია სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანების მისასვლელები. დასავლეთ ტრიბუნასთან განთავსდება ავტობუსების პარკინგი გუნდების, ქომაგების და ტელევიზიებისათვის, ასევე პარკინგი VIP მაყურებელთათვის. პარკინგი გათვალისწინებულია აგრეთვე დამხმარე სტადიონის გარშემოც.
აქვეა განთავსებული სალაროებიც. ტრიბუნების ქვეშ განლაგებულია სტანდარტების შესაბამისი ყველა სათავსი, მათ შორის მაღაზიები, კვების ობიექტები, გუნდების ოთახები, ტუალეტები, საშხაპეები, მსაჯების ოთახები და ა.შ.
სტადიონები და დამხმარე ინფრასტრუქტურა განთავსდება 6,5 ჰექტარ მიწის ფართობზე. მშენებლობის პროცესში ადგილობრივები დასაქმდებიან.