ახალი ამბები
ჩხოროწყუში ახალი, თანამედროვე სტანდარტების საბავშო ბაღი გაიხსნა
ჩხორწყუს მუნიციპალიტეტში, გარახას უბანში ახალი, თანამედროვე სტანდარტების საბავშო ბაღი გაიხსნა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება საზეიმო ვითარებაში სამეგრელო -ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა - გუბერნატორმა ლევან შონიამ და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელმა დათო გოგუამ გახსნეს.
ბაღის მშენებლობა 2014 წლის სექტემბერში დაიწყო. სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 222 221 ლარით დაფინანსდა. პროექტის ფარგლებში შენობაში მოეწყო საძინებელი, გასართობი ოთახი, სამზარეულო, სველი წერტილები და აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ახალი საბავშვო ბაღი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი. დასაქმებულია 6 ადამიანი.
დაგეგმილია ასევე ეზოს კეთილმოწყობა, სადაც განთავსდება საბავშვო ატრაქციონები. სოფელში ამ დრომდე ბავშვებს ავარიულ, უსახურ, არასტანდარტულ შენობაში უწევდათ სკოლამდელი განათლების მიღება.
ადგილობრივი მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტად მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობაა დასახული. წლის ბოლომდე ჩხოროწყუში კიდევ 3 ახალი საბავშვო ბაღი შევა ექსპლუატაციაში (ჭოღა, ახუთი ჩხოროწყუს ცენტრი).
საბავშვო ბაღის გახსნას გარახაში სამეგრელო-ზემო სვანეთის ვიცე-გუბერნატორი კობა ქანთარია, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ჩხოროწყუს სკოლამდელი სააღზმრდელო დაწესებულებების გაერთიანების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ჩხოროწყუში სულ 34 საბავშო ბაღია, აქედან ოცდაათს წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა.