ახალი ამბები
მესტიის ცენტრალურ გზას და სოფელ ლახამულას მდინარე ტვიბრა პრობლემას ვეღარ შეუქმნის
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულაში, მდინარე ტვიბრას კალაპოტის გამაგრება რკინა-ბეტონის ფილებით მიმდინარეობს. მდინარეს მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები ახასიათებს, რამაც საფრთხე არაერთხელ შეუქმნა ადგილობრივ მცხოვრებლებსა და ზუგდიდი-მესტიის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზას.
სტიქიის დროს ღვარცოფული ნაკადი ცენტრალური გზის გავლით მიედინებოდა სოფელ ლახამულაში, აზიანებდა დასახლებულ პუნქტში გამავალ შიდა საავტომობილო გზასაც, რამდენჯერმე დატბორა დასახლებული პუნქტები. პროექტის დასრულების შემდეგ მეწყრულ–ღვარცოფული ნაკადი გაივლის მაქსიმალურ გამტარუნარიანობაზე გათვლილ
რკინაბეტონის წყალგამტარ არხში, რომელიც შემდგომ სპეციალური ტექნიკით გაიწმინდება.
პროექტის ღირებულება 1 724 470 ლარს შეადგენს. არხის მშენებლობა სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. ამ ეტაპისთვის სამუშაოების 80% შესრულებულია. პროექტი 2015 წლის ბოლოს დასრულდება.
არხის სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „თი ემ“ აწარმოებს.