ახალი ამბები
გუბერნატორის მოადგილემ გარემოსდაცვით საკითხებზე მრგვალი მაგიდის ფორმატში ისაუბრა
დღეს, 4 ნოემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის („გლობალური პარტნიორობა - ნახმარი წყლის მართვისათვის - შავი ზღვის დაბინძურების შემცირება ნარჩენი წყლებისა და საკვები ნივთიერებების მდგრადი მართვა საქართველოს სასოფლო თემებში“) ფარგლებში მრგვალი მაგიდის ფორმატში რეგიონალური შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა მდგრადი განვითარების, ნარჩენი წყლების, წყლის მართვისა და გარემოს დაცვის საკითხებს შეეხო.
შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის მოადგილე კახაბერ რუსია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, ხობის გამგებელი გოჩა ქაჯაია, აბაშის გამგებელი მამუკა კვიტაშვილი და რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„მიხარია, რომ ვმონაწილეობ მრგვალ მაგიდაში, რომელიც მოხმარებული წყლის მართვას და ამ მხრივ შავი ზღვის დაბინძურების შემცირებას ემსახურება. მნიშვნელოვანია, რომ დღეს ამ შეხვედრაზე განიხილება მოხმარებული წყლისა და საკვები ნივთიერებების მდგრადი მართვის საკითხები. სასიხარულოა, რომ ამ პროცესში ჩართულია სფეროში გამოცდილი არასამთავრობო ორგანიზაციები და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა. მინდა სამხარეო ადმინისტრაციის სახელით მადლობა გითხრათ გაწეული სამუშაოებისთვის“, განაცხადა შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ.