ახალი ამბები
სენაკში გამართულ მარულას სოფლის მეურნეობის მინისტრი და გუბერნატორი დაესწრნენ
,,ეგრისობის’’ სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით სენაკის იპოდრომზე სენაკის, ბათუმისა და ზუგდიდის საცხენოსნო გუნდების მონაწილეობით მარულა გაიმართა, რომელსაც საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა დგებუაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ლაშქარავა და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
სენაკის საცხენოსნო კლუბს მდიდარი წარსული და დიდი ისტორია გააჩნია. როგორც საარქივო მასალებიდან ირკვევა, 1927 წელს ქ.ცხაკაიაში პირველად ჩატარდა დღესასწაული საცხენოსნო სპორტის სახეობებში: ისინდი, თარჩია ,ცხენბურთი, ჩერეზი,მოქნევა,მარულა,ყაბახი და სხვა. სენაკის იპოდრომი ათწლეულების მანძილზე მასპინძლობდა მასშტაბურ საცხენოსნო შეჯიბრებებს. 1992-1993 წლის მოვლენების შედეგად მთლიანად განადგურდა სენაკის იპოდრომის იფრასტრუქტურა. სამომავლოდ კი მისი აღდგენა იგეგმება.
მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ აღნიშნა, რომ: ,,სენაკის საცხენოსნო კლუბს მიმდინარე წელს 88 წელი შეუსრულდა. დღეს სიმბოლურად დავუკავშირეთ ,,ეგრისობას’’ იპოდრომზე გამართული საცხენოსნო შეჯიბრი. ჩვენ მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ საცხენოსნო ტრადიციების აღორძინებას. უახლოეს მომავალში სენაკში დაიწყება თანამედროვე სტანდარტების იპოდრომის მშენებლობის საპროექტო სამუშაოები, რომელიც ცხენოსნობის ერთ-ერთი ცენტრი გახდება საქართველოში.’’