ახალი ამბები
გუბერნატორმა ლევან შონიამ მარტვილში ახალი სკოლა დაათვალიერა
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა - გუბერნატორმა ლევან შონიამ მარტვილში ახალადგახსნილი კერძო სკოლა სხივი დაათვალიერა. გუბერნატორმა ბიზნესმენ ალექსანდრე ხურცილავას განათლებაში ჩადებული ინვესტიციისთვის მადლობა გადაუხადა.
„ერთი წლის წინ მქონდა ბიზნესმენ ალექსანდრე ხურცილავასთან შეხვედრა, რომელმაც პირობა მომცა, რომ მარტვილში თანამედროვე სკოლას და სპორტკომპლექსს ააშენებდა, მიხარია, რომ ერთი წლის შემდეგ ჩვენ მივიღეთ ევროპული სტანდარტების, თანამედროვე სკოლა და მნიშვნელოვანია, რომ განათლებაში იდება ინვესტიცია“, განაცხადა გუბერნატორმა ლევან შონიამ.
ორსართულიანი თანამედროვე სტანდარტების სკოლა ახალი ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვა, ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისათვის, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა, ინფორმაციული ტექნოლოგიების კაბინეტი, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი, სააქტო დარბაზები, კეთილმოეწყო ეზო. სწავლების მაღალი ხარისხის მიზნით სკოლა დაკომპლექტებულია სერთიფიცირებული პედაგოგებით. სკოლაში ჩადებულმა ინვესტიციამ 1 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.
ახალი სკოლა 250 მოსწავლეზეა გათვლილი. სკოლაში ამჟამად ევროპული სტანდარტების სპორტული დარბაზის მშენებლობა მიმდინარეობს. ახალი სკოლა გუბერნატორთან ერთად რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა დათო კოდუამ და მარტვილის გამგებელმა ალექსანდრე გრიგალავამ დაათვალიერეს.