ახალი ამბები
სოფლის მეურნეობის მინისტრი გუბერნატორებს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სახელმწიფო რწმუნებულებს - გუბერნატორებს შეხვდა. მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ რეგიონების ხელმძღვანელებთან შეხვედრა უმნიშვნელოვანესია სოფლის მეურნეობის დარგში განსახორციელებელი პროექტებისა და ღონისძიებების ეფექტიანად დასაგეგმად.
,,აღნიშნულ ფორმატში გამართულ შეხვედრებზე მოსაზრებებისა და შენიშვნების გაზიარების მეტი შესაძლებლობა არსებობს. მოგეხსენებათ, ბევრი რამ გაკეთდა აგრარული დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის და პროგრესიც გვაქვს. ვფიქრობ, რეგიონებთან უფრო აქტიური თანამშრომლობისთვის, მსგავსი შეხვედრები სისტემური უნდა გავხადოთ“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.
შეხვედრაზე სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელებმა განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახე პრეზენტაციები რეგიონულ ჭრილში წარმოადგინეს. რეგიონის ხელმძღვანელებს სამინისტროს მიერ მომზადებული ახალი დოკუმენტი - რეგიონების სოფლის მეურნეობის საინვესტიციო გზამკვლევი - გააცნეს, რომელიც საქართველოს რეგიონების მიხედვით ამომწურავ ინფორაციას მოიცავს და ერთგვარი სახელმძღვანელოა მათთვის, ვისაც აგრარულ დარგში ინვესტიციის განხორციელება სურს. სოფლის მეურნეობსი სამინისტროში გამართულ შეხვედრას გუბერნატორებთან ერთად, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენის უფროსი გიორგი ამაშუკელი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ესწრებოდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ოთარ დანელიამ გუბერნატორებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზა დაათვალიერებინა და ქართული ენდემური ვაზის უნიკალური, საკოლექციო ჯიშები გააცნო.