ახალი ამბები
რუხში მულტიფუნქციური კლინიკის მშენებლობა გუბერნატორმა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ დაათვალიერეს
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ლევან შონიამ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ -ეკა სეფაშვილმა და სამინისტროს შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ დირექტორმა -იოსებ ოზაშვილმა, აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან რუხის მრავალპროფილური საავადმყოფოს მშენებლობა დაათვალიერეს.
ახალი, 220-ადგილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა რუხში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ 2014 წლის აგვისტოში დაიწყო. კომპლექსი 12 შენობისაგან (ხუთი და ორსართულიანი შენობები) შედგება. ამ დროისთვის 12-ვე კორპუსის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, მათი ნაწილი უკვე დასრულების ფაზაშია და მიმდინარეობს საერთო საცხოვრებლის მშენებლობა.
კლინიკის ტერიტორიაზე მოეწყობა აუდიტორიები და ბიბლიოთეკა, სამედიცინო პროფილის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა, ავტოსადგომები, შიდა სავალი გზები, აუზები და სკვერები. ასევე, აშენდება საერთო საცხოვრებელი რეზიდენტების, კლინიკაში სამკურნალოდ ჩამოყვანილი პაციენტების ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის.
აგილობრივებთან ერტად საავადმყოფო მოემსახურება აფხაზეთიდან ჩამოსულ პაციენტებს. საავადმყოფოს მშენებლობა (შენობა და შიდა სამუშაოები) სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 41 მილიონ 264 ათას ლარია. ამ დროისთვის მშენებლობაზე 50 ადამიანია დასაქმებული. სამუშაოები სამშენებლო უსაფრთხოების წესების, გარემოსდაცვითი და სეისმური მოთხოვნების სრული დაცვით მიმდინარეობს.
2012 წელს ზუგდიდში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე, ადგილობრივებს მულტიფუნქციური კლინიკის აშენების პირობა ბიძინა ივანიშვილმა მისცა.