ახალი ამბები
ევროინტეგრაციის საკითხზე ზუგდიდში შეხვედრა მიმდინარეობს
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ორგანიზებით, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ევროინტეგრაციის თაობაზე შეხვედრა მიმდინარეობს. ღონისძიების მიზანია საქართველოს რეგიონებში ცნობიერების ამაღლება ევროინტეგრაციის პროცესის და მისგან მომდინარე შესაძლებლობების, მათ შორის, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) და უვიზო მიმოსვლის შესახებ.
სემინარის თემებია: ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმება, ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის პერსპექტივები და წესები, ევროკავშირთან ეკონომიკური ურთიერთობები, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შესაძლებლობები რეგიონებისთვის, რეფორმები სოფლის მეურნეობის სფეროში და სურსათის უვნებლობლობის საკითხები.
შეხვედრას უძღვებიან ევროინტეგრაციის თემაზე მომუშავე წამყვანი ექსპერტები, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები; თემატურ პრეზენტაციებს გამართავენ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოოპერატივების განვითარების სააგენტოსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.
შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორიეს მოადგილე კახაბერ რუსია ესწრება, შეხვედრაზე ასევე იმყოფებიან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საჯარო მოხელეები და რეგიონებში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.