ახალი ამბები
ანაკლიაში დევნილთა საარსებო წყაროების სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს
ანაკლიაში დევნილთა საარსებო წყაროების სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს. შეხვედრას ევროკავშირის ექსპერტი საარსებო წყაროების სამოქმედო გეგმის შემუშავებაში ჯუდის კიერსი უძღვებოდა. შეხვედრას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის აპარატის უფროსი ლაშა გვასალია, გუბერნიის იურისტი მაკა ფიფია, დევნილთა სამინისტროს და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს იძულებით გადაადგილებული პირებისთვის სარსებო წყაროების შექმნის საკითხებთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე იმყოფებოდნენ დევნილები სხვადასხვა დასახლებიდან და კოლექტიური ცენტრებიდან, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას მათი საარსებო წყაროების უზრუნველყოფისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით ხედვები გააცნეს.
დევნილთა საარსებო წყაროების სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია შემუშავებულ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და სხვა სამინისტროების მჭიდრო თანამშრომლობით, აგრეთვე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით, რომლებიც აქტიურად მუშაობენ დევნილთა საკითხებზე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო და ევროკავშირი მიიჩნევს რომ დოკუმენტს- დევნილთა საარსებო წყარეოების სამოქმედო გეგმას მიეცემა სათანადო მხარდაჭერა და სარგებლის მომტანი იქნება დევნილებისთვის. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ უნდა შეასრულოს მთავარი როლი ამ პროცესში. დოკუმენტი აგრეთვე ასახავს სხვადასხვა სამინისტროებს შორის თანამშრომლობას და დევნილთა აქტიურ ჩართულობას აღნიშნულ პროცესებში.
ანალოგიური შეხვედრები ევროკავშირისა და დევნილთა სამინისტროს ორგანიზებით გორში ქუთაისში, ანაკლიასა და თბილისშიც იმართება.