ახალი ამბები
ფოთში ევროსტანდარტის სარაგბო ბაზა გაიხსნა

ფოთში უნიკალური სპორტული სარბიელი-ევროსტანდარტებით მოწყობილი სარაგბო ბაზა- ,,პარკი-არენა’’ გაიხსნა.
ახალი სარაგბო ბაზა ოფიციალურად საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გახსნა. გახსნის ცერემონიას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ლევან შონია, ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კაკულია, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია, ,,ქართუ-ჯგუფის’’ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ლილუაშვილი, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გია ნიჟარაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
,,პარკი-არენას’’ საზეიმო გახსნისას მინისტრმა მადლობა გადაუხადა სარაგბო კომპლექსის მშენებლობის ინიციატორებსა და ორგანიზატორებს, ფოთის სარაგბო კლუბის მწვრთნელებსა და სპორტსმენებს, განსაკუთრებით ფონდ ,,ქართუს’’ დიდი მხარდაჭერისათვის.
ფოთის სარაგბო ბაზაზე განთავსებულია 2 სათამაშო მოედანი. ბუნებრივსაფარიანი მოედანი 2500 მაყურებელზეა გათვლილი , ხოლო მეორე- ხელოვნურსაფარიანი მოედანი 500 მაყურებელს იტევს. კომპლექსი აღჭურვილია საკონფერენციო, სატრენაჟორო დარბაზებით, დასასვენებელი ოთახებით, VIP, PRESS და მატჩის კომისრის ლოჟებით, სამედიცინო და დოპინგ-კონტროლის კაბინეტებით.
,,პარკი-არენა’’ 2 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს. ფოთის სარაგბო ბაზა საქველმოქმედო ფონდ ,,ქართუს’’ დაფინანსებით, ასოციაცია ,,ატუმ’’ ააშენა და მოაწყო, რისთვისაც 6 მილიონი ლარი დაიხარჯა.
,,პარკი-არენას’’ საზეიმო გახსნა ფოთელმა და თბილისელმა მორაგბეებმა ამხანაგური მატჩით აღნიშნეს.











