ახალი ამბები
ზუგდიდმა სუპერთასის, ჩემპიონთა და ევროპის ლიგის თასებს უმასპინძლა
დღეს ზუგდიდმა სუპერთასს, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის თასებს უმასპინძლა. ისინი კინო-თეატრის შენობის წინ სპეციალურად მოწყობილ სცენაზე განათავსეს, სადაც ყველა მსურველს შესაძლებლობა ჰქონდა ფოტოები გადაეღო.
ზუგდიდში თასების სანახავად შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მერაბ ქვარაიამ და ფეხბურთის გულშემატკივრებმა მიმართეს. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელებმა კი საზეიმო კონცერტი გამართეს.
დღესვე სუპერთასის, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის თასები, ორგანიზატორებმა ოკუპირებულ აფხაზეთთან ყველაზე ახლო წერტილზე ენგურის ხიდთან მიიტანეს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით უეფას სამი ტრიუმფალური სიმბოლო სუპერთასის ფინალის თბილისში ჩატარებამდე საქართველოს ქალაქებში მოგზაურობს. საფეხბურთო კლუბებს „ბარსელონასა“ და „სევილიას“ შორის სუპერთასის ფინალი 11 აგვისტოს თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართება.