ახალი ამბები
ახალსოფელში 42 დევნილი ოჯახი საცხოვრებელი ფართის მფლობელი გახდა
დღეს, ზუგდიდის მუნიციალიტეტის სოფელ ახალსოფელში, 42 დევნილი ოჯახი საცხოვრებელი ფართის მფლობელი გახდა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, ლტოლვილთა დანიის საბჭოს სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა სვენდ მონრად გრაუნბოელმა, აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელმა ვახტანგ ყოლბაიამ და ზუგდიდის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ დევნილ ოჯახებს ბინის გასაღებები გადასცეს და ახალმოსახლეობა მიულოცეს.
ახალსოფელში შენობის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, დანიის ლტოლვილთა საბჭომ განახორციელა.
საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადი 141 დევნილმა ოჯახმა შეავსო, საიდანაც გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად 42 ოჯახი შეირჩა. შენობაში სულ 42 ბინაა, აქედან 14 - ერთოთახიანი, 23 ოროთახიანი, 5 - სამოთახიანი.
თანამედროვე სტანდარტის შენობის თითოეულ ბინაში დამონტაჟდა წყლის ელექტროგამაცხელებელი და გაზის გამათბობელი, ეზოში მოეწყო სათამაშო მოედანი ბავშვებისათვის.
ბინების გადაცემის პარალელურად, დანიის ლტოლვილთა საბჭომ, სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, ახალ საცხოვრებელ ადგილას შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, დევნილი ოჯახებს მცირე გრანტები გადასცა.
ახალ ბინებში გადასულ ყველა დევნილ ოჯახს, მათი სურვილის შესაბამისად, გადაეცათ საბრუნავი კაპიტალი ან ხელსაწყოები და დანადგარები მცირე ბიზნესისათვის.