ახალი ამბები
კულტურის მინისტრი და სახელმწიფო რწმუნებული სენაკის თეატრში
2026-11-24 13:34:00
კულტურის მინისტრმა მაია ბითაძემ სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის განახლებული ინფრასტრუქტურა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ვერავასთან ერთად დაათვალიერა. მინისტრმა და სახელმწიფო რწმუნებულმა შემოქმედებითი პროცესების შესახებ ინფორმაცია თეატრის დირექტორისგან, ვახტანგ ნიკოლავასგან მოისმინეს.
სენაკის სახელმწიფო თეატრი, რომლის ისტორია 1881 წლიდან იწყება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობაშია განთავსებული. ფონდმა „ქართუმ“ ისტორიულ შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარა. 2021 წლიდან, განახლებულ თეატრში ფუნქციონირებს დიდი და მცირე დარბაზები, სარეპეტიციო სივრცე და მუზეუმი. შენობა აღჭურვილია თანამედროვე სასცენო განათებისა და გახმოვანების სისტემებით, რაც თეატრის დასს სრულფასოვანი შემოქმედებითი საქმიანობის შესაძლებლობას აძლევს. დღეისათვის თეატრის ინფრასტრუქტურის მიმართულებით არსებული მცირე საჭიროების უზრუნველყოფაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო მუშაობს.
ადგილობრივი დასის რეპერტუარში ამჟამად 16 სპექტაკლია; თეატრთან მოქმედებს უფასო დრამატული სკოლა-სტუდია, რომლის 40 აღსაზრდელი, პროფესიონალ მსახიობებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობს სპექტაკლებში. 2024 წლიდან თეატრი მასპინძლობს სასკოლო თეატრალურ ოლიმპიადას 200-დან 250-მდე ახალგაზრდის მონაწილეობით. აღსანიშნავია, რომ თეატრის შენობაში ფუნქციონირებს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სენაკის სალოტბარო სკოლა, სადაც 25 მოსწავლე, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით, ქართულ ხალხურ სიმღერასა და საეკლესიო საგალობლებს ეუფლება.
მინისტრთან და სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, სენაკის თეატრში იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები გიორგი ხახუბია და გიორგი გუგუჩია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია, კულტურის მინისტრის მოადგილე ნათია შამათავა, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ლევან ჩირგაძე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.


























