ახალი ამბები
კულტურის მინისტრი და სახელმწიფო რწმუნებული ზუგდიდის თეატრში
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ვერავასთან ერთად ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის დირექტორს, გიორგი კაშიას შეხვდა და თეატრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. მინისტრი თეატრის შემოქმედებით პროცესთან დაკავშირებულ აქტივობებს და სამომავლო გეგმებსაც გაეცნო.
თეატრის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი გამოწვევა ინფრასტრუქტურაა. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს თეატრის შენობის სრული რეაბილიტაცია, რომელსაც ფონდი „ქართუ“ ახორციელებს. ახალი ინფრასტრუქტურა შექმნის თანამედროვე, სრულფასოვან სამუშაო და შემოქმედებით გარემოს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თეატრის შემდგომ განვითარებასა და მისი შესაძლებლობების გაზრდას.
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის ისტორია 1868 წლიდან იწყება და უკვე მრავალი ათწლეულია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში, ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციაში.
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში მინისტრთან და სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი გუგუჩია, მინისტრის მოადგილე ნათია შამათავა, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ლევან ჩირგაძე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.


























