ახალი ამბები
დავით ვერავამ გარემოსდაცვით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
2026-10-22 18:56:00
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ, მოადგილეებთან და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძესთან ერთად ზუგდიდში გამართულ გარემოსდაცვით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიების „ვრგავთ სიყვარულით აფხაზეთისთვის“ ფარგლებში, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში „აფხაზეთის მწვანე კუთხე“ გაშენდა, სადაც მონაწილეებმა მაგნოლიის ნერგები დარგეს. ღონისძიებაზე ასევე, მოეწყო აფხაზეთის ბუნების ამსახველი ფოტოგამოფენა.
ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გარემოსდაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ბუნების დაცვის მნიშვნელობის წარმოჩენასა და აფხაზეთის ბუნებასთან კავშირის შენარჩუნებას ისახავდა მიზნად. ღონისძიებაში აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
გამწვანების აქციაში მონაწილე აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებს სახელმწიფო რწმუნებულმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ სიმბოლური საჩუქრები, მათ შორის კოლხური ბზის ნერგები გადასცეს.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა, ადგილობრივი ხელისუფლების და მეომართა კავშირის წარმომადგენლები.


























