ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მიმდინარე პროექტების კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან ერთად შეხვდა.
კონტრაქტორ კომპანიებთან გამართულ შეხვედრაზე პროექტების დროულად და ხარისხიანად შესრულებაზე ისაუბრეს. კერძო სექტორის წარმომადგენლებმა დარგში არსებულ გამოწვევებზე გაამახვილეს ყურადღება.
„შევხვდით საპროექტო, სამშენებლო, საზედამხედველო კომპანიებს. ძალიან
საინტერესოდ ჩაიარა ამ შეხვედრამ. გავცვალეთ ერთმანეთთან ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ მიმდინარეობს დღესდღეობით არსებული პროექტები, რა გეგმები გვაქვს 2027 წელს, რა პრობლემებია და ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე ვისაუბრეთ. ძალიან საინტერესო იყო გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ დარგში მომუშავე კომპანიებს თავიანთი ხედვები და მიგნებები აქვთ და, ბუნებრივია, ჩვენთვის ეს ძალიან საინტერესოა“, - განაცხადა ილია
ბეგიაშვილმა.
კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ მინისტრის მოადგილემ და სახელმწიფო რწმუნებულმა მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან ერთად განიხილეს მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები. შეხვედრებზე ასევე იმსჯელეს 2027 წელს დაგეგმილ სამუშაოებზე.
„რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან ერთად დეტალურად განვიხილეთ. ასევე ვიმსჯელეთ მომავალი წლის პროექტებზე, რომლებიც
ჩვენი მოქალაქეების საჭიროებებზე იქნება მორგებული. მხოლოდ მიმდინარე წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის სხვადასხვა მიმართულებით 308 პროექტი დაფინანსდა. თითოეული პროექტის ხარისხიანი და დროული შესრულება უმთავრესი ამოცანაა, რაზეც კონტრაქტორ კომპანიებთან ცალკე გამართულ შეხვედრაზე ვისაუბრეთ“, - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ.
მიმდინარე წელს სამეგრელო-ზემო სვანეთში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების, გამყოფი ხაზის მიმდებარედ განსახორციელებელი პროექტების, სტიქიის პრევენციის, სტიქიის სალიკვიდაციო და მთის განვითარების ფონდების, ასევე სკოლების მცირე რეაბილიტაციის პროგრამების ფარგლებში 310-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდა, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 127 მილიონი ლარი შეადგინა.
მსგავსი ტიპის შეხვედრებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საქართველოს ყველა რეგიონში გამართავს.


























