ახალი ამბები
დარჩელში საწარმოო ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას სახელმწიფო პროგრამა - „თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭერის გზით“ გააცნეს.
პროგრამის ფარგლებში საწარმოო ინფრასტრუქტურა, რომელიც თხილის საშრობ მანქანა-დანადგარებსა და სასაწყობე ფართს მოიცავს, სოფელ დარჩელში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) მოეწყობა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს ხუთწლიანი იჯარის ხელშეკრულებით გადაეცემა. საიჯარო ვადის გასვლის შემდეგ, დადგენილი პირობების შესრულების შემთხვევაში, კოოპერატივს შესაძლებლობა ეძლევა მოითხოვოს იჯარით აღებული ქონების პირდაპირი მიყიდვის წესით გადაცემა. პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოოპერატივში 500-ზე მეტი მეპაიე იქნება გაერთიანებული.
„აგვისტოში აღნიშნული ინფრასტრუქტურა უკვე ექსპლუატაციაში იქნება გაშვებული. ეს იქნება საქართველოში ყველაზე დიდი კოოპერატივი - ერთი სოფელი ერთი კოოპერატივის პრინციპით. მოგეხსენებათ, მეთხილეობა ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენ ბევრი გეგმა გვაქვს, მათ შორის ეს არის დაფინანსების ნაწილში ხელშეწყობა, რათა მაქსიმალურად ხელი შეეწყოს დარგის განვითარებას. უმნიშვნელოვანესია ადგილობრივების დასაქმება. საწარმოს ლოკაცია შეგნებულადაა შერჩეული - სამეგრელოს რეგიონი კონფლიქტურ ზონასთან ძალიან ახლოსაა და, შესაბამისად, პოლიტიკურადაც ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.
საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის შესრულების უზრუნველსაყოფად, პროგრამის ფარგლებში უსასყიდლოდ განხორციელდება პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისათვის შესაბამისი კონსულტაციები, რათა დაინერგოს გლობალური სოფლის მეურნეობის საუკეთესო პრაქტიკის (Global GAP) და საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) სტანდარტი.
პროექტი ხელს შეუწყობს თხილის წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის ერთიანი ციკლის შექმნას, თხილის თვითღირებულების შემცირებას და საექსპორტო პოტენციალის ზრდას.
სახელმწიფო პროგრამა - „თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭერის გზით“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 ივნისის N 252 დადგენილებით 2015 წლის 10 ივნისიდან დაიწყო. პროგრამას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო“ ახორციელებს.