ახალი ამბები
მე-2 ქვეითმა ბრიგადამ 34 წლის იუბილე აღნიშნა
საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 34 წლის იუბილე სენაკში, ქვედანაყოფის დისლოკაციის ტერიტორიაზე აღინიშნა. სამწყობრო მოედანზე მოწყობილ პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართეს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა.
ირაკლი ჩიქოვანმა სამხედროებს ქვედანაყოფის იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ უწყებისთვის მნიშვნელოვანია მე-2 ქვეითი ბრიგადის გაძლიერება, სამხედროების პროფესიონალიზმის კიდევ უფრო ამაღლება, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და თითოეულ ჯარისკაცზე ზრუნვა. გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა საკუთარ სიტყვაში თავდაცვის ძალებისთვის ქვედანაყოფის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
მე-2 ქვეითი ბრიგადის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, სენაკის მერთან ვახტანგ გადელიასთან, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ტყებუჩავსთან და სხვა მოწვეულ პირებთან ერთად დაესწრო.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა ბრიგადის ტერიტორიაზე სამხედროებისთვის ახლადმოწყობილი რეკრეაციული სივრცე დაათვალიერეს და სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე 23-ე ბატალიონის ასეულის დონის სიტუაციურ სიმულაციურ სწავლებას დაესწრნენ.


























