ახალი ამბები
ანაკლიის განახლებული აკვაპარკი სამეგრელო-ზემო სვვანეთის გუბერნატორმა დაათვალიერა
ანაკლიის აკვაპარკის სეზონი ოფიციალურად ხვალ გაიხსნება. მანამდე კი აკვაპარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ მოინახულა. გუბერნატორისვე ინიციატივით აკვაპარკის ახალ სეზონს რეგიონის მასშტაბით სოციალურად დაუცველი და წარჩინებული ბავშვები გახსნიან და მთელი დღის განმავლობაში უფასოდ დაისვენებენ.
ხვალიდან, მთელი სეზონის განმავლობაში ანაკლიის აკვაპარკი საქართველოში ყველაზე დაბალ ფასად მოემსახურება მომხმარებელს. 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის აკვაპარკში შესავლა უფასოა, სხვა მომხმარებლებისთვის კი მთელი დღის განმავლობაში გადასახდელი თანხა 15 ლარს შეადგენს.
30 ივლისს კი ანაკლია საზღვაო სეზონს ოფიციალურად საერთაშორისო მულტიფორმატული ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „Gem fest“ გახსნის. 9 დღიან მუსიკალურ ფესტივალზე მსოფლიოში ყველაზე მაღალრეიტინგული ელექტრონული მუსიკის 100-მდე ვარსკვლავი დაუკრავს, მათ შორის არმინ ვან ბიურენი, დადფაერი, თეილ ოფ აზი, ბოკა შეიდი, ელენ ალიენი, ლუჩიანო, დევიდ ავგუსტო და სხვა.
მზადება ანაკლიაში აქტიურ ფაზაშია შესული, ზღვისპირა კურორტზე ერთდროულად კაფე-ბარები, გასართობი ცენტრები და რამდენიმე სცენა შენდება. ფესტივალზე იქნება, თანამედროვე საშხაპეებით უზრუნველყოფილი კარვების ქალაქიც. უკვე მოეწყო ზღვამდე მისასვლელი საფეხმავლო ბილიკები, მთლიანად განათლებულია ანაკლია-განმუხურის ბულვარი, მშვიდობის ხიდი, სრულად მოეწყო მიწისქვეშა კომუნიკაციები.