ახალი ამბები
განმუხურის ეროზირებული სანაპირო ზოლის აღდგენის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია
2026-04-17 21:16:00
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის საზღვაო სანაპირო ზოლის ეროზირებული ნაწილის აღდგენისა და დაცვისათის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
განმუხურის სანაპირო ზოლი წლების განმავლობაში ექვემდებარებოდა ზღვის ტალღოვანი ზემოქმედებით გამოწვეულ ეროზიას. დაზიანებულ მონაკვეთზე ნაპირი 10-12 მეტრით, ხოლო შესართავთან - 50-60 მეტრით იყო უკან დახეული. არსებული მდგომარეობა საფრთხეს უქმნიდა სანაპირო ინფრასტრუქტურას და ადგილობრივი ტურისტული პოტენციალის განვითარებას.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სანაპირო ზოლის შევსებისა და დაცვის სპეციალური სამუშაოები, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ეროზირებული პროცესების ინტენსივობას და უზრუნველყოფს სანაპიროს მდგრადობას.
პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო დეპარტამენტი ახორციელებს, რომლის ღირებულება 3.2 მილიონ ლარზე მეტია და სრულად დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
პროცესს ადგილზე ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, რწმუნებულის მოადგილეები, ზუგდიდის მერი დავით კოდუა, პარლამენტის წევრი, ზუგდიდის დელეგატი ედიშერ თოლორაია, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძრე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის დირექტორი ლევან დარახველიძე გაეცნენ.
ამასთან, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე დაიწყო განმუხურისა და ანაკლიის სანაპირო ზოლის განახლების პროექტირება.
პროექტი მოიცავს 67 ჰექტარზე თანამედროვე, ოთხივე სეზონზე ხელმისაწვდომი მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცის შექმნას, სადაც განთავსდება დასასვენებელი, სპორტული და კულტურული ზონები, საფეხმავლო და ველო ბილიკები.
გათვალისწინებულია საბავშვო, საგანმანათლებლო და სპორტული სივრცეების მოწყობა, ღია სცენა, არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელი ხიდის განახლება.
პროექტი ასევე მოიცავს კომერციულ და საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურას, გამწვანებასა და თანამედროვე საინჟინრო სისტემების მოწყობას.


























