ახალი ამბები
სახელმწიფო რწმუნებული ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს შეხვდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს, გენერალ-მაიორ კობა კობალაძეს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ა(ა)იპ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის“ და მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაზე ისაუბრეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში იგეგმება საველე მოსამზადებელი ცენტრის შექმნა, რაც ადგილზე უზრუნველყოფს სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო სამუშაოების შესრულების მიზნით, სამოქალაქო რაზმების გადამზადებასა და ჩამოყალიბებას.
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას, რეგიონის მუნიციპალიტეტებსა და ა(ა)იპ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის“ შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გასულ წელს გაფორმდა.
დღევანდელ შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულმა და ზუგდიდის მერმა, ადგილზე არსებულ სოციალურ და ჯანდაცვის იმ პროგრამებზე გაამახვილეს ყურადღება, რაც ადგილობრივი ბიუჯეტით ვეტერანთა მხარდაჭერის მიმართულებით ხორციელდება. ასევე განიხილეს ვეტერანთა მხარდაჭერის მიზნით ერთობლივი პროგრამების განხორციელდება სოფლის მეურნეობის და მეცხოველეობის მიმართულებით.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ - ა(ა)იპ-ის „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის“ დირექტორი, ედუარდ ჯიშკარიანი, „საქართველოს გენერალთა კლუბის“ აღმასრულებელი დირექტორი, მალხაზ ჩიხლაძე და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, რეგიონული მართვის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსი, რევაზ გაბუნია.


























