ახალი ამბები
ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრი გაიხსნა
2026-03-31 18:35:00
ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრი გაიხსნა. საპრეზიდენტო ცენტრი ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ, ზუგდიდის მერმა დავით კოდუამ, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა და საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების დირექტორმა გიორგი კალანდიამ გახსნეს.
თანამედროვე სტანდარტების მულტიფუნქციური შენობა მოიცავს სამკითხველო დარბაზს, მედიათეკას, სამუშაო, სალექციო, საკონფერენციო და საგამოფენო-სამუზეუმო დარბაზებსა და საფონდო სივრცეებს, სარესტავრაციო ლაბორატორიებს.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო გამოფენა - „თანამედროვე ქართული ხელოვნება”. გამოფენაზე წარმოდგენილია XX საუკუნის ქართული ფერწერის კოლექცია. ექსპონატებს შორისაა ელენე ახვლედიანის, გივი თოიძის, ლადო გუდიაშვილისა და ედმონდ კალანდაძის ნამუშევრები.
ასევე, გაიმართა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის, კონსტანტინე გამსახურდიას საჯარო ლექცია - „ზვიად გამსახურდია: მებრძოლი სამშობლოსა და ერი-სახელმწიფოსთვის, მომავლის მოღვაწე“.
საპრეზიდენტო ცენტრის გახსნის ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.
საპრეზიდენტო ცენტრი, ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ აშენდა. ცენტრი მიმდინარე წლიდან კულტურის სამინისტროს ინიციატივით დაფუძნებული სსიპ-ის - საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების შემადგენლობაშია.


























